„დაუვიწყარი საქართველო“ – რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ემშვიდობება (ფოტოკოლაჟი)
ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში საქმიანობის ვადა დაასრულა. ამერიკაში გამგზავრებამდე ნორლანდი მეუღლესთან ერთად ხევსურეთში იმყოფებოდა. შთაბეჭდილებების შესახებ ამერიკელი დიპლომატი ფეისბუქის გვერდზე წერს.
„დაუვიწყარი საქართველო
მომავალ კვირას საქართველოდან მივემგზავრებით. გამგზავრების წინ მერისა და მე ხევსურეთში სტუმრობის პატივი გვერგო. თბილისიდან მანქანით ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ კორშაში ჩავედით და შოთა არაბულისა და მისი მეუღლის, ზარინას შესანიშნავ საოჯახო სასტუმროში ვისადილეთ, სადაც ჩიტებს ბუდე სამზარეულოში ჰქონდათ მოწყობილი. შემდეგ მაღლა, რუსეთის საზღვართან ახლოს, საოცარი მთებისკენ გავემართეთ. მუცოში ქეთის, „მუცოს პატარა დედოფალს“ შევხვდით. შატილში, დებმა გოგოჭურებმა საოცრად ჰარმონიული ხალხური სიმღერები გვიმღერეს. ვითევზავე პატარა მდინარეში, მაგრამ კალმახი ჩვენმა ქართველმა მეგობარმა დაიჭირა. ყველაზე შთამბეჭდავი შატილის კომპლექსის ერთ-ერთ უძველეს კოშკში გათენებული ღამე იყო. ხევსურეთის უძველესი დამცველები ასეთ შეუვალ კოშკებს აგებდნენ, რომ შემოჭრილი მტრისაგან თავი დაეცვათ. გვიამბეს წარსულის მძიმე ამბები, როცა ჭირშეყრილი ადამიანები მოსაკვდომად სოფლიდან მიდიოდნენ, რომ სხვებიც არ დაეავადებინათ. მამა კონსტანტინესთან ერთად დაბლობზე იმ სოფელს გავხედეთ, სადაც ის დაიბადა. სამწუხაროდ, რუსეთის საზღვარზე გამკაცრებული წესების გამო მამა კონსტანტინე მშობლიურ სოფელში ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ეს მთიანი მხარე უხსოვარი დროიდან ბუნებრივი სილამაზითა და მკაცრი გარემოთი გამოირჩევა. რამდენი რამაა აქ შესასწავლი და დასაფასებელი. მადლობა მამა გიორგისა და მის შესანიშნავ გუნდს ხევსურეთში სტუმრობის ორგანიზებისათვის”, – წერს ნორლანდი.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მას იან კელი შეცვლის.