საკრებულოს დეპუტატები „თბილისის გენდერული ფორუმის“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „თბილისის გენდერული ფორუმის“ შემაჯამებელ შეხვედრას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, ლილოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, ასევე, ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკარასაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, მარგალიტა ხიდირბეგიშვილი დაესწრნენ.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პოლიტიკურ პროცესებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.
რიმა ბერაძის განცხადებით, სწორედ მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფენ ქალთა პოლიტიკურ პროცესებში გადაწყვეტილებების მიღების დონეზე ჩართვას.
მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ია მაკასარაშვილის თქმით, წარმატებულ და აქტიურ ქალთა რიგები საქართველოში ყოველდღიურად იზრდება და ამ მიმართულებით პროცესის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირებულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
შეხვედრაზე გულიკო ზუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე ქალთა აქტივობისა და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის სტატისტიკის თაობაზე პრეზენტაციის მომზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შემაჯამებელ ფორუმს, რომლის მიზანსაც სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შემუშავებული რეკომენდაციების ანალიზი წარმოადგენდა, საკრებულოს დეპუტატთა გარდა, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება პროექტის „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ ფარგლებში გაიმართა და ის „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე განხორციელდა.