C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველო ასრულებს სანიმუშო ქვეყნის ფუნქციას

 4 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ( NCDC) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას – “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები”. კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით 6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამამ (UNAIDS) 2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში მონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკური გათვლების კუთხით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის მიგნებები და ელიმინაციის სხვადასხვა სტრატეგია რიგი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.
კონფერენციაზე “გლობალ ალიანსის” მოწვეულმა ექსპერტებმა , პროფესორებებმა სტანისლავ პოლმა და იაზდან იაზდანპანამ წარმოდგინეს თემები “C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია” და “აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი”.
კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო დისკუსია გაიმართა სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ფრანგ ექსპერტებს.
იაზდან იაზდანპანა
“ჯანდავის სამინისტროს არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სახით, ვინაიდან ამ დაავადების ტვირთი საქართველოში არის ძალიან მაღალი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სისტემური განკურნებადი დაავადება. რასაკვირველია, ამ ეფექტური წამლების საშუალებით მოხდება ბევრი პაციენტის განკურნება და ზოგადად, ეს პროგრამა იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და საქართველო ასრულებს ე.წ. სანიმუშო ქვეყნის ფუნქციას, მაგრამ, მომავლში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომელიც საერთაშორისო ჭრილში აკვირდება ამ პროცესს. ეს პროგრამა პოლიტიკურ ნებაზეა დაფუძნებული და იქნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების საწინდარი.“
სტანისლას პოლი „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და „გლობალ ალიანს“ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. რასაკვირველია ეს პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას და ძალიან აქტიურ ჩართულობას. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა. ყველა პაციენტის, მათ შორის, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მკურნალობაც.
ეს არის რეალობა. ყველა პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ამისთვის აუცილებელია არამარტო ინდივიდუალურად მკურნალობა, არამედ სხვა პრევენციული და ინტერვენციული ზომებისა და სტრატეგიების განხორციელება. მაგალითად, ნემსებისა და შპრიცების პროგრამა. მათ შორის ოპიოიდების ჩანაცვლების თერაპია და სქრინინგის დონის ამაღლება. ამ სამი სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმების განხორციელება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები