თამაზ მეჭიაური პრემიერის ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებაზე მხარს უჭერს

პრემიერის განცხადებას, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მეჭიაური ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხს ხელისუფლება ფრთხილად უნდა მოეპყრას, მაგრამ კატეგორიულები უნდა იყვნენ.

„მე მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, კონსტიტუციაში დაფიქსირდეს ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და აქტიურად დავუჭერ მხარს. ეს ჩანაწერი უზრუნველყოფს შორეულ პერსპექტივაშიც კი მსგავსი ინტერესის გაჩენას რომელიმე პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების მიერ. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეპყრათ, მაგრამ კატეგორიულები უნდა ვიყოთ“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე – „თუკი ამ საკითხზე პირდაპირ ან ირიბად იქნა მინიშნება დასავლეთის მხრიდან, როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პასუხი“? – მეჭიაურმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ ჯერ პასუხი თავის ხალხს უნდა გასცეს. მისი თქმით, არ არსებობს ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამისათვის უნდა გადაიხადოს.

„საქართველოს მთავრობამ ჯერ თავის ხალხს, თავის ტრადიციებს, წარსულს, აწმყოს, შთამომავლობას და რელიგიას უნდა გასცეს პასუხი. ეს არათუ ქრისტიანობის ძირითად ფასეულობებს ეწინააღმდეგება, არამედ არც სხვა ტრადიციული რელიგია მხარს არ უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას. მერე რა, რომ დიდმა ქვეყანამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მაგრამ არ არსებობს ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამისათვის უნდა გადაიხადოს“,- აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები