„პოზიცია“ ყალბი ინფორმაციების გავრცელების გამო სამართალდამცველებისაგან რეაგირებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სოციალურ და ონლაინმედიაში ყალბი ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება მოახდინონ .
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო რამდენიმე დღის წინ ჯერ სოციალური ქსელით ანა მამრიკაშვილის გვერდზე, შემდეგ კი რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, რაც, როგორც შემდგომ გაირკვა, სრული სიცრუე აღმოჩნდა.
ადამაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ ასევე ადგილი ჰქონდა ფაქტს, როცა ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვი იძებნებოდა და დედაქალაქში მოსახლეობა ისედაც საკმაოდ დაძაბული იყო, არასრულწლოვანებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ.
„მე არ შევუდგები ყველა მსგავსი ფაქტის ჩამოთვლას. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისედაც ნათელია, რომ სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით ამგვარი დეზინფორმაცია ხშირად მიზანმიმართულად ვრცელდება და უმეტესწილად ამგვარი ცრუ ინფორმაციები სახელმწიფოს სტრუქტურების დისკრედიტაციას ემსახურება. მაგალითად, თბილისის მერიის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ შავი პიარის აგორების მცდელობას ჰქონდა ადგილი, როცა, დარწმუნებული ვარ, შეგნებულად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 100 წელს მიტანებულ ხანდაზმულ ქალბატონს, ანა გაგუას, თბილისის მერიამ კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა. როგორ შეიძლება ამგვარი ამაზრზენი აზრი ნორმალურ ადამიანს დაებადოს. სამართალდამცველებისაგან მოვითხოვ შესაბამის რეაგირებას, რათა სხვებიც დაფიქრდნენ, სანამ რაიმე ასეთ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებენ“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები