ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს რესურსების გამოუყენებლობა დანაშაულია
არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს რესურსები არ გამოიყენოს და შემოინახოს რაღაც პირადი ინტერესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო რესურსების გამოუყენებლობა არის დანაშაული.
“წინა მთავრობაზე მე ნაკლებად მინდა ვისაუბრო დღეს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში და ეს გრძელდებოდა 20 წელზე მეტია, ხდებოდა ჩვენი რესურსების დაკონსერვება, მათი მიძინება და არგამოყენება. შედეგად, ჩვენ გვაქვს ასეულობით ლიცენზია გაცემული მთელს რეგიონებში უნიკალურ რესურსებზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ, იმიტომ, რომ თავის დროზე სხვადასხვა ადამიანის ლობირებით ამ ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში სახელმწიფოს რესურსები და ეს რესურსები დღეს გამოუყენებელია. ეს არის დანაშაული, მეგობრებო, მე ასე ვუყურებ ამას, იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება სახელმწიფოს რესურსები არ გამოიყენოს და შემოინახოს რაღაც პირადი ინტერესებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად დაასრულეს ამ ლიცენზიების სისტემატიზაცია.
“ეს წინა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა უკვე დაასრულა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან კონკრეტულად ვესაუბროთ ამ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს ლიცენზიები წლების წინ, ჯერ კიდევ 20 წლის წინ და შემდეგაც, უკვე სააკაშვილის დროს აღებული და რომელსაც ვერ იყენებენ. ამით ჩვენ ვკარგავთ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს. ამას კარგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ეკონომიკა და სახელმწიფო, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული საქონელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენ შემოგვაქვს ისეთი პროდუქტები, როგორც არის კიტრი, პომიდორი, ხილი, ნიორი და ა.შ. მეზობელი ქვეყნებიდან. მაშინ როდესაც, ჩვენ შეგვიძლია უნიკალური პროდუქცია ვაწარმოოთ.
“რაც მთავარია, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რითაც ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენ მიერ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რითაც საშუალება ეძლევათ ჩვენ მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ევროპაში”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.