ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის პრემიერს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს ევანგელოს კალპადაკის შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური კრიზისი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, კერძოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და საზღვარგარეთ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ვლადიმერ გურგენიძემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში – საბერძნეთშია შექმნილი, დაიძლევა და საბოლოოდ, საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული.
ევანგელოს კალპადაკისმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბერძენი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისათვის. მან ხაზი გაუსვა საბერძნეთის მთავრობის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთდამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებენ და აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს მათი ინტერესების დასაცავად.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. მათ შორის ბერძნული მხარე დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.