ლევან დავითაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და გადამდებ დაავადებათა კონტროლის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ელიზაბეტ პაუნოვიჩი ხელმძღვანელობდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფის ეროვნული გეგმის შემუშავების საკითხი იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეგმის შემუშავების პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები აქტიურად იქნებიან ჩართულები. აღნიშნული უწყებების შესაბამისი სამსახურები ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვლევებს სრული სპექტრით განახორციელებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მდგრადი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მაძღარაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის განახლებულ სიმძლავრეებსა და ლაბორატორიაში დანერგილი ქიმიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სურსათის უვნებლობასა და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები