“განათლების სამინისტრო პედაგოგთა შტატებს 5 000 -ით ამცირებს“

“საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი“ განათლების სამინისტროს აკრიტიკებს და მის პოლიტიკას გაუაზრებელს უწოდებს. როგორც ალიანსის თანათავმჯდომარემ მარიამ რამინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, სამინისტროს არასისტემური პოლიტიკა განათლების ხარისხზე უარყოფით ასახვას ჰპოვებს. რამინაშვილის თქმით, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად პედაგოგთა საშტატო ერთეულების შემცირება რჩება.

რამინაშვილის თქმით, სამინისტრო დირექტორებს საშტატო ერთეულების შესახებ მიუთითებს და ხშირად დირექტორები პედაგოგის გათავისუფლებისთვის მშობლებს მათ წინააღმდეგ იყენებენ. მშობლების მიერ პედაგოგის საწინააღმდეგოდ დაწერილი განცხადებები კი ხშირად პედაგოგთა გათავისუფლებისთვის საკმარისი ხდება.

„დირექტორის მითითებით, მშობლების მიერ პედაგოგის საწინააღმდეგოდ დაწერილი განცხადებები დაფიქსირებულია რეგიონებშიც და თბილისშიც. მაგალითად, ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა თბილისშიც, გლდანის რაიონის 71-ე საჯარო სლოკაში. სკოლებში უკვე შეინიშნება დირექტორების მხრიდან პედაგოგების მიმართ გაკეთებული მინიშნებები ახალი სასწავლო წლისათვის ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ პრობლემაზე ,,საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი “ ადრეც მიანიშნებდა. კერძოდ, ახალი სასწავლო წლის პედაგოგთა სახელფასო ბიუჯეტი გათვლილია 5 ათასი პედაგოგით ნაკლებ კონტინგენტზე. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სამინისტრო ამ სხვაობის დარეგულირებას სკოლის დირექტორების საშუალებით ეცდება, მიუთითებს რა სკოლებს პედაგოგთა წინასწარ განსაზღვრულ საშტატო რაოდენობებზე. სამინისტრო პედაგოგთა შტატებს 5 000 -ით ამცირებს. ამის გამო ხშირად დირექტორები მშობლებს კონკრეტული მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივრის განცხადებებს აწერინებენ, რის საფუძველზეც პედაგოგების გათავისუფლება ხდება“,- განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.
რამინაშვილმა აქცენტი ასევე მასწავლებელთა წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების მზადებასთან დაკავშირებით პროფესიული განვითარების ცენტრის პასიურიობაზე გააკეთა. მისი თქმით, არ ჩატარებულა საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგები, რაც, მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გამიზნული პოლიტიკაა, არსებული სტატისტიკა პედაგოგთა სქემის კატეგორიებში გადანაწილებისთვის სახელფასო ბიუჯეტის ცვლილების გარეშე შეინარჩუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები