შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მ. 2015 წლის დასაწყისიდან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდულ სამყაროს.
სამართალდამცველებმა გიორგი მ. ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დააკავეს, რა დროსაც მისმა თანმხლებმა შალვა ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).