საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ „საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში” სამუშაო შეხვედრა გახსნა.
აღნიშნული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტ თბილისი”, „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი”-ს (International Visegrad Fund) მხარდაჭერით „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG” მიერ იმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მთავარ მიზანს საქართველოსა და მოლდოვაში ევროკავშირთან დაახლოების პროცესი წარმოადგენს, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული ხარჯების, სარგებლის სიღრმისეული გააზრებისა და ხელშეკრულების პირობების დროული შესრულების ხელშეწყობის მიზნით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოდან, მოლდოვადან და ვიშეგრადის ქვეყნებიდან მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები (EBRD, EIB, WB, IFC, EU და სხვ.) მონაწილეობენ.
დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა ვიშეგრადის ქვეყნების მიერ გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიმართულებით.
ასევე შეხვედრაზე მინისტრმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობაზე ისაუბრა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო სექტორთან მუდმივ კოორდინაციას გაუსვა ხაზი. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა საზოგადოებასა და კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სარგებლის შესახებ.