„სეტ-ტოპ-ბოქსებით“ შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
მომხმარებლების „სეტ-ტოპ-ბოქსებით“ შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა საბანკო სექტორის, მსხვილი სავაჭრო ობიექტებისა და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან.
უწყების ინფორმაციით,შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული სიგნალის სპეციალური მიმღები მოწყობილობების – ე.წ. „სეტ-ტოპ-ბოქსებით“ ლოგისტიკისა და დისტრიბუციის საკითხებზე და ასევე ამ აპარატურის შესაძენად საქართველოს ბანკების მხრიდან მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის დროულად გადაწყვეტის მზაობა გამოთქვა, რის თაობაზეც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მიეწოდება სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია.
“შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სადისტრიბუციო ქსელებს „სეტ-ტოპ-ბოქსებით“ საკმარისი მარაგი გააჩნიათ და დეფიციტი ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის. შეხვედრაზე განხილული და შეჯამებული იქნა ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველი დღის შედეგები და აღინიშნა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში განლაგებულ სადისტრიბუციო ქსელებს, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს, სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ჰქონიათ. დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ რიგები, რომელიც განპირობებული იყო „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენისას მოსახლეობის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე. აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე, შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი და ხაშური. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვთხოვთ, დროულად უზრუნველყონ ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსებით“,-აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.