თბილისში ასოცირების შეთანხმების ქვეკომიტეტის სხდომა იმართება
თბილისში 2-3 ივლისს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებში ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა იმართება. აღნიშნული ქვეკომიტეტის მუშაობას კოორდინაციას უწევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
საქართველოს მხრიდან ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. ევროკავშირის მხრიდან ქვეკომიტეტში წარმოდგენილნი არიან ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა, სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გარემოს დაცვის, კლიმატის, ტრანსპორტისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის შესახებ იმსჯელებენ 3 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ სხდომაზე.