დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე შესაძლოა, სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში.
კაციტაძის განმარტებით, ნიჟარაძეებისთვის ნავთობპროდუქტებისთვის გადატვირთვის კომპანიებში წილების ჩამორთმევის პროცესში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული და არ არის გამორიცხული სხვა პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისგების საკითხიც დადგეს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, სხვადასხვა უწყებებს შორის მოიაზრება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, რომლის წარმომადგენლებიც მარაბდის ქუჩაძე თამაზ ნიჟარაძეს სახლთან უთვალთვალებდნენ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ კეზერაშვილის მითითებით, რომ დაეთმო მისი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის წილები.
რაც შეეხება ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების საკითხს. კაციტაძე აცხადებს, რომ ამის ერთადერთ მექანიზმად რჩება სასამართლო, ხოლო კომპანიებიდან, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, კეზერაშვილმა მუქარისა და ზეწოლის შედეგად ჩამოართვა ნიჟარაძეებს, ამ ეტაპზე სხვის საკუთრებაშია.
„მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე კომპანიების წილები გადაფორმდა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე, მოხდა მისი გაყიდვა, ერთადერთ მექანიზმად კი ქონების დაბრუნების კუთხით სასამართლო რჩება“, – აღნიშნა კაციტაძემ.
მისი განცახდებით, ამ საქმეში, დაზარალებული ნიჟარაძეების გარდა, ვერ დაასახელებს სხვა მოწმეებს. თუმცა, კოკა კაციტაძის ინფორმაციით, მუქარას, რომელსაც გამოძიების მტკიცებით კეზერაშვილი ნიჟარაძეებზე ახორციელებდა, ჰყავს თვითმხილველი, ასევე გამოძიების ფარგლებში დაკითხულები არიან შუამავლები კეზერაშვილსა და ნიჟარაძეებს შორის.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამოძალვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კეზერაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და მის შვილს – ზურაბ ნიჟარაძეს მათი კუთვნილი კომპანიების BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ისა და MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილების დათმობას ძალადობის გამოყენებით სთხოვდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მათ რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების აქციები დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები