როგორ აისახება საბერძნეთის კრიზისი საქართველოზე – „ყოველთვიურად მინიმუმ 15 მილიონი დოლარი სავალუტო ნაკადი მოგვაკლდება“

საბერძნეთის კრიზისის გამო საქართველოს ყოველთვიურად მინიმუმ 15 მილიონი დოლარი სავალუტო ნაკადი მოაკლდება,- ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. როგორც ექსპერტმა განმარტა, ტრანსფერების კუთხით საბერძნეთის კრიზისი საქართველოზე უკვე აისახა. გარდა ტრანსფერებისა, არასახარბიელოა ექსპორტისა და ინვესტიციების მაჩვენებელიც.
ემზარ ჯგერენაიამ საბერძნეთისთვის კრიზისულ პერიოდში შესაძლო განვითარების სცენარებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთს ეყოფა გონიერება და ევროზონას არ დატოვებს.
„ უცხოეთიდან განხორციელებული სავალუტო ტრანსფერების მაჩვენებლები გამოქვეყნდა, ტრანსფერების მოცულობამ შარშან იგივე პერიოდთან შედარებით 22%-ით იკლო. ეს ლარის კურსზე მწვავედ იმოქმედებს. ამას ემატება საბერძნეთის მოვლენები. იქ შექმნილი კრიზისის გამო საბერძნეთში მომუშავე ბევრი ქართველი დასაქმებული აღარ არის. ბევრი ქართველი ვერ რიცხავს ვალუტას, რადგან ბანკების მოქმედება შეზღუდულია. მე ვერ ვუშვებ იმას, რომ საბერძნეთი ევროზონიდან გავიდეს, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ეს არ აწყობს თვითონ საბერძნეთს, მე მაინც მგონია, რომ ეყოფათ გონიერება, ეს დეფოლტი, რომელიც გამოცხადდა, კერძო კომპანიებზე ფულის გადახდის უარის თქმა არის, ეს ჯერ რეალურად არ მომხდარა. თუ სრული დეფოლტი გამოცხადდა, ყველაზე მეტად გერმანიის ბანკები დაზარალდება.
ორი სცენარია: დიდი ალბათობით მაინც მოილაპარაკებენ, მეორე სცენარია, რომ საბერძნეთი დრაჰმას შემოიღებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. დრაჰმა აპრიორი დევალვირებული იქნება, დრაჰმის შემოტანას ობლიგაციების გაყიდვა სჭირდება, რომელსაც არავინ იყიდის. თუ ასეთი რამ მოხდა, იმ ქართველ მოქალაქეებს, რომელთაც საბერძნეთში ამ დრომდე დარჩათ სამსახური, ფულის გადმორიცხვა გაუჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველთვიურად მინიმუმ 15 მილიონი დოლარი სავალუტო ნაკადი მოაკლდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ტრანსფერებთან ერთად სახარბიელო არ არის არც ექსპორტის და ინვესტიციების მონაცემები, ამიტომ ლარზე ასეთი მაკროეკონომიკური ზეწოლა ივლისის თვეში გაგრძელდება“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები