ლაშა ამირეჯიბი: როგორც საზოგადოება, ჩვენ უკვე დავიბადეთ! ძეობას გილოცავთ, ხალხო!

„როგორც საზოგადოება, ჩვენ უკვე დავიბადეთ!” – ასე ეხმაურება „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი თბილისში 13 ივნისის ღამეს მომხდარ ტრაგედიას. ამირეჯიბი სტიქიიდან შემდეგ 2 კვირის განმავლობაში თბილისში მომხდარ მოვლენებს აანალიზებს და საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსის სახით აქვეყნებს.
„ივნისის ტრაგედიიდან მეორე კვირა მიილია. ცხოვრება თავისას ითხოვს, ამიტომ დაღუპულთა წინაშე ქედის მოხრით, გადავხედოთ იმას, რა დაგვანახა ბუნებამ და რა ვისწავლეთ ჩვენ. ჩვენი ახალგაზრდების ვაჟკაცობასა და ზნეობაზე ბევრი სანაქებო სიტყვა ითქვა და ეს მისასალმებელია, რადგან სიკეთე უნდა შეაქო. მე უფრო სხვა დავინახე. ჩვენ – ყველანი, ხალხი, საზოგადოება – ერთბაშად გავიზარდეთ. ვითომ თვალები გაგვეხილა და დავინახეთ ზოგი „ძვირფასეულის“ სიყალბე და ზოგი „ძვირფასად“ ჩაცმული ადამიანის სიშიშვლე. ვნახეთ, რომ არც ქონება და არც თანამდებობა არ ფასობს, თუ მისი მფლობელი ჩვეულებრივ ადამიანურ თვისებებს არის მოკლებული. უმეტესობამ თ. ელიზბარაშვილის დაღუპულ ძაღლებს და მის დატბორილ სახლ-კარს უფრო დასტიროდა, ვიდრე განადგურებულ გზებსა, ზოოპარკს და მის „მოლივლივე“ დირექტორს. უმეტესობას კალაძის ტალახიანი ჩექმები და გულწრფელი სევდა უფრო მოხვდა გულში, ვიდრე ბ-ნი ჯანელიძის რიხიანი, მაგრამ შეშინებული ხმით წარმოთქმული პატაკები. შიში ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. ადამიანი იწრთობა მის გადალახვაში. მაგრამ მასში მუდმივი ყოფნა ადამიანს აჩაჩანაგებს და აკნინებს, ანადგურებს როგორც პიროვნებას. კალაძის ჩექმები კი ნიჩბებით ხელში ტალახში მდგარ „ნაციონალთა“ ოთხეულის გაპრიალებული ფეხსაცმელების ფონზე ხომ უფრო მეტის მთქმელია? ჰოდა, ვთქვათ ჩვენ, ქართველებმა, რომ პოლიტიკის სიბინძურესა და ტალახში შეიძლება ადამიანად დარჩე. ზოგიერთივით კი არ გადმოკურკლო გასაპიარებელი ცრემლები, არამედ ადამიანურად გაიზიარო გასაზიარებელი განსაცდელი. დღეს სრულფასოვანი ანალიზისთვის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ „უეჭველია“, რომ, როგორც საზოგადოება, ჩვენ უკვე დავიბადეთ! ძეობას გილოცავთ, ხალხო!“ – წერს ლაშა ამირეჯიბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები