ვანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ოთხი პირი დააკავეს
თბილისში, ვანის ქუჩაზე, საკონდიტრო მასალების საწყობში დღეს გაჩენილი ხანძრის შემდეგ 4 პირი დააკავეს.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-დან აცნობეს. მათივე ცნობით, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არიან დაკავებულები. ოთხი პირიდან ორი 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ორი კი – 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ცნობისთვის: ვანის ქუჩაზე საკონდიტრო მასალების საწყობს ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.