„საქართველოს ნატოში მისწრაფებამ შესაძლოა, რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს“

ბრიტანული გამოცემა “The Sunday Times”-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუს აქვეყნებს. მინისტრი გამოცემასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ საუბრობს. ბოიან პანცევსკის სტატიაში „საქართველოს ნატოში მისწრაფებამ შესაძლოა, რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს“, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებისა და რუსეთის ფაქტორის შესახებ საუბრობს. საქართველოს ნატოში მისწრაფებამ შესაძლოა, რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს ავტორი: ბოიან პანცევსკი საქართველომ პირობა დადო, რომ ნატოში გაწევრიანების მიზნით აქტიურად იმოქმედებს, რამაც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს. რუსეთი ნატოს გაფართოების ნებისმიერ მცდელობას მტრულად უყურებს. როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო საქართველოსთან სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობს და შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების შეთავაზება იქნება. თინათინ ხიდაშელმა ამის შესახებ იმ დროს განაცხადა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, პირველად „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ალიანსის კოლექტიური ბირთვული პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხს განიხილავდნენ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა თავის უზარმაზარ ბირთვულ არსენალს 40 ქობინი შემატოს. საქართველო პირველად 10 წლის წინ შეეცადა ნატოში ინტეგრაციას. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდებოდა. აღნიშნული დაპირება ვერ განხორციელდა საქართველოს სადავო რეგიონის – სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის გამო. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში მიღებას მხარს უჭერდა, გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას შეეწინააღმდეგნენ. პირველ რიგში, ნატომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა მიანიჭოს, რომელიც პირველი ნაბიჯია ალიანსის წევრობისკენ. ალიანსი საქართველოში სამხედრო საწვრთნელ ცენტრს აფუძნებს. როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს სრულფასოვანი წევრობა მოითხოვოს. „რუსეთს არ სჭირდება მიზეზები აგრესიისთვის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველო არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკრაინისა და მოლდოვას ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, რომელსაც რუსეთი თავის გავლენის სფეროებად მიიჩნევს, უკვე საკმარის მიზეზს წარმოადგენს ამ სახელმწიფოებთან ომის და კონფლიქტების გასაჩაღებლად“,– აღნიშნავს მინისტრი. მისი თქმით: „საქართველოში რაიმე სახის ნამდვილ ომს არ ველი… ქართულ მიწაზე რუსეთს უკვე ორი სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული, მაგრამ საბჭოთა ნოსტალგია ან პრორუსული უმცირესობა ვერ გახდება მათი დასაყრდენი“. ეკონომიკურ ფაქტორებს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე – მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის მინიტრი. დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რასაც ემატება ნავთობსა და გაზზე დაბალი ფასები, რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა. შესაბამისად, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს უკრაინის მსგავსი სამხედრო აგრესია საქართველოში. „თუ შევხედავთ უკრაინის მოვლენებს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ მჯერა, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი ფინანსები საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვა ქვეყანაში მეორე ან მესამე ფრონტი გახსნას“, – აცხადებს მინისტრი. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო უფრო პრორუსული ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის ნოემბერში ხელისუფლება დატოვა. თინათინ ხიდაშელმა უარყო გავრცელებული შეხედულებები, რომ საქართველოს ამჟამინდელი კოალიცია პრორუსულ და პროდასავლურ ბანაკებად დაიყო, რასაც „კარგი ხუმრობა“ უწოდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ერთსულოვნად მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის კომენტარი მოჰყვა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის კრემლის მისამართით გაკეთებულ გაფრთხილებას, რომ ნატო პარტნიორებს რუსეთისგან დაიცავს და ხელს შეუშლის მას, აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის სფეროები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები