რა მოხდა „ორ ნაბიჯში“, რომელიც დააყაჩაღეს – მთელი ღამის ნამუშევარი წაიღო…

„ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღების ფაქტზე კომპანიის წარმომადგენელი „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც „კვირას“ სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ საოპერაციო დირექტორმა ლელა უმფრიანმა განუცხადა, თავდამსხმელმა მაღაზიიდან მთელი ღამის ნავაჭრი – 1200 ლარი წაიღო. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს მაღაზიის თანამშრომლები.

„შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. ღამის ცვლაში მაღაზიის სამი თანამშრომელი მუშაობდა, მათ შორის ერთი მოლარე. დილით, გამთენიისას, დაახლოებით 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა მაღაზიაში, სახეზე პირბადე ეკეთა, თუმცა ხელთათმანები – არა. ხელში კი ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა. თავდამსხმელი შავგრემანი და საშუალო ტანის ახალგაზრდა იყო. მაღაზიის თანამშრომლებმა მოასწრეს, რომ დაცვის პოლიციისთვის მიემართათ. თუმცა, მთელი ღამის ნამუშევარი 1200 ლარი წაიღო. საბედნიეროდ, თავდახმის ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ჩვენი თანამშრომლები უვნებლები გადარჩნენ. გამოძიებამ უკვე დაჰკითხა მაღაზიის თანამშრომლები, აღებულია თითის ანაბეჭდებიც და იმედი მაქვს, რომ დამნაშავეს მალე დააკავებენ“, – აცხადებს ლელა უმფრიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუპერმარკეტი “ორი ნაბიჯი” დააყაჩაღეს, – შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები