„ხელისუფლებამ 161-ვე დაზარალებული ოჯახი სრულად უნდა დააკმაყოფილოს“

საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი თამარ ცინცაბაძე ხელისუფლებას დაზარალებული მოსახლეობის დროულ და სრულად დახმარებას სთხოვს. საკრებულოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ის პრინციპები გააჟღერა, რომლითაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებისას უნდა იხელმძღვანელოს. „ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩვეულ რეჟიმში გადავიდეს, სანამ დაზარალებულები სრულად არ დაკმაყოფილდებიან და სანამ მათ არ მიეცემათ იმის საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვრონ. ამ მხრივ პროცესები ცოტა დუნედ მიმდინარეობს და მათი დაჩქარებაა საჭირო. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა და რასაც ეს ხალხი ითხოვს, რომ მათ ღირსეულად იცხოვრონ. ანგარიშზე უკვე მნიშვნელოვანი თანხებია აკუმულირებული, შემოსული თანხა მთლიანად უნდა მოხმარდეს დაზარალებულებს, დანარჩენი კი სახელმწიფოს მხრიდან უნდა შეივსოს. მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ არ უნდა მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სულადობრივად და სოციალურად დაუცველებად, სულ ასეთი დაზარალებული დღეს 161 ოჯახია. უკვე არსებული თანხებიც კი მათ დასაკმაყოფილებლად საკმარისია. ეს თანხები უნდა გამჭვირვალედ გაიხარჯოს. ძალიან მნიშვნელოვანია მანქანების საკითხიც, ის მიდგომა, რომ თუკი მანქანა დაუზღვეველი ჰქონდა ადამიანს, არ უნდა აუნაზღაურდეს, ამ შემთხვევაში არ არის სწორი. ამ ადამიანებს რომ ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურების ეპიცენტრში იმყოფებიან, საკუთარ სიცოცხლეზეც და ქონების გადარჩენაზეც იზრუნებდნენ. აუცილებელია ამ კონტექსტშიც მოხდეს შეფასება“,- განაცხადა თამარ ცინცაბაძემ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან მოსახლეობის ამოღებას, თუკი ის სახელმწიფოს დამხრებას მიიღებს, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, პრინციპულად არასწორი და მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები