ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით კვლავ გადაჭარბებით შესრულდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით კვლავ გადაჭარბებით შესრულდა, -ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, 2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი 4 მილიარდ 535.1 მლნ ლარი, 252 მლნ. ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 4 მილიარდ 787.1 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 105.6%); მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება.

“ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მლნ ლარით (11,9%-ით).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია (შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული.

ამასთან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ შეადგენს 96,2 %-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მლნ ლარს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები