“მერიაში არ შეიმცირეს ხარჯები და სტიქიით დაზარალებულებს სოციალურად დაუცველთა სიიდან რიცხავენ” – ამას რეაქცია მოჰყვება

მერიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ის დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, სტიქიის შედეგების გამო მთავრობის დახმარების შემთხვევაში სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოირიცხება, საკრებულოს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამაზ შოშიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
შოშიაშვილმა მერია ჩინოვნიკურ – ბიუროკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულა და მათ წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის გამოყოფილი ხარჯები შეახსენა.
„ეს არის პატარა ჩინოვნიკური განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ. რატომ უნდა გამოირიცხოს ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, რომელსაც ჰქონდა სახლი, ცხოვრობდა ამ სახლში, რაც გააჩნდა, ყველაფერი დაკარგა და კიდევ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას აძლევენ? მათ ხომ კიდევ უფრო ნაკლები ქონება ექნებათ, ვიდრე გააჩნდათ. ეს აბსულუტურად დისკრიმინაციული, ჩინოვნიკურ – ბიუროკრატიული მიდგომაა. ესაა არაადეკვატური განცხადება იმ ჩინოვნიკებისგან, რომელთაც ერთი თეთრი არ მოიკლეს ფუფუნებიდან, თავიანთი დანამატებიდან. 88 მილიონია გამოყოფილი მერიის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორაგანოების ხარჯებისთვის. ამ ადამიანებმა ხარჯები არც ერთი თეთრით არ შეიმცირეს. ამას ექნება რეაქცია როგორც ჩვენი ფრაქციის, ისე მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები