haqqin.az – სააკაშვილმა აზერბაიჯანს უღალატა

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az სტატიას აქვეყნებს სათაურით: „სააკაშვილმა აზერბაიჯანს უღალატა“. სტატიაში მითითებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევის თბილ ურთიერთობებზე. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალიევმა საქართველოს ძნელბედობის ჟამს არაერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი – დაუწესა შეღავათიანი ტარიფები ბუნებრივ აირზე, ასევე რამდენჯერმე გამოუყო კრედიტები და გრანტები. ამჟამად კი ახორციელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რკინიგზის პროექტს: ბაქო – ახალქალაქი – ყარსი.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ბაქოში რამდენჯერმე ჩავიდა და იქ მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. ამის საპასუხოდ კი, haqqin.az-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას უჭერენ მხარს, რომელიც ბაქოში ეუთოს ოფისის გაუქმებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკისრებს. haqqin.az-ის ვერსიით, საპარლამენტო ასამბლეის წევრები: გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი ამ გადაწყვეტილებას მხარს სააკაშვილის ნებართვის გარეშე ვერ დაუჭერდნენ. „ეს ან სააკაშვილის ან მისი მოადგილის დავით ბაქრაძის უშუალო მითითებით მოხდა“, – წერს გამოცემა.
„როგორ უნდა შევაფასოთ სააკაშვილის წარმომადგენლების ასეთი მტრული ნაბიჯი? რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. რა თქმა უნდა, ქართველ დეპუტატებს და თავად სააკაშვილს საკუთარი თავის გამართლების მიზნით ბევრი რამეს მოფიქრება შეუძლიათ, მაგრამ მათი ქმედება სულ სხვა რამეზე მიუთითებს“, – წერს haqqin.az.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები