მოსწავლეების ნაწილი წინა წელს დაბეჭდილ ნახმარ სახელმძღვანელოებს მიიღებს – „წელს სახელმძღვანელოების მინიმუმი დაიბეჭდება“

„განათლების სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ზოგადად, ახალი სახელმძღვანელოების მომზადებაზე მუშაობს, აქედან გამომდინარე, სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ წელს სასწავლო წლისთვის მხოლოდ აუცილებელი მარაგი დაიბეჭდოს და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს გარკვეული შეღავათი გავუწიოთ, მე ოპტიმალურად მიმაჩნია“, – აღნიშნული განაცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩაფიძის განმარტებით, მოსწავლეების ნაწილი წელს წინა წელს დაბეჭდილ წიგნებს მიიღებს, ნაწილი – წინა წელს შემონახული მარაგიდან, ნაწილს კი წელს დაბეჭდილი წიგნები გადაეცემათ.
„სახელმძღვანელოები ქართული განათლების სისტემისთვის დიდი პრობლემაა, ესაა სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარე, მისი მოცულობა, რამდენად პოზიტიურად მოქმედებს მისი სიმძიმე, მოცულობა და ხარისხი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წიგნების ტარების და მხედველობის თვალსაზრისით. ეს სერიოზული პრობლემებია. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ბევრი ახალი, გრიფირებული და განათლების ექსპერტებთან ერთად გავლილი ახალი სახელმძღვანელოები გვექნება, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს როგორც ვიზუალურ, ისე ხარისხობრივ და შინაარსობრივ მხარეს. გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ ბიუჯეტი დაიზოგოს. დაიბეჭდება ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია, რომ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები წიგნების გარეშე არ დაგვრჩნენ. წინა წლებიდან გარკვეული მარაგი დარჩენილია, ნაწილი გამოყენებულ სახელმძღვანელოებს მიიღებს. იმის ფუფუნება, რომ ყოველ წელს დაიბეჭდოს ახალი წიგნები და უფასოდ გადაეცეს სკოლებს, ბევრ სახელმწიფოს არა აქვს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები