შპს „რუსთავის ფოლადი“ კომპანიიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს

„რუსთავის ფოლადიდან“ რეორგანიზაციის შედეგად 300-დან 500-მდე თანამშრომელი გათავისუფლდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი კომპანიის წინააღმდეგ გაუმართლებელი სასამართლო პროცესებია.
როგორც შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი აცხადებს, მენეჯმენტი იძულებულია მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლები მასობრივად დაითხოვოს.
„შპს „რუსთავის ფოლადი“ რამდენიმე ასეული მუშაკის დათხოვნას იწყებს. ეს მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა მკვეთრი შემცირებით, ასევე, კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით და გამოწვეული შეზღუდვებით. ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსთვის, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია „რუსთავის ფოლადის“ საფინანსო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2015 წლის დასაწყისიდან, კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების რიგი ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა, ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. ა
მასთან, ბოლო წლებში, „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში, გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი, წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4 553 ლარს და 48 თეთრზე დაობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალათეულ მილიონიან ქონებას. ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც, ისეც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მენეჯმენტი იძულებულია, მასობრივად დაითხოვოს თანამშრომლები“, – განაცხადა კაჩუხაშვილმა.
ამასთან, როგორც შპს „რუსთავის ფოლადის“ ადვოკატი გოჩა გოგიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანიის წინააღმდეგ 2 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, სასამართლო პროცესები დროში იწელება, რაც ქარხნის ზარალს კიდევ უფრო ზრდის.
„შპს „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას“, – განაცხადა გოგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები