„პანკისიდან და აჭარიდან „ისლამური სახელმწიფოს“ არმიაში სამსახურისთვის საქართველოს 42 მოქალაქე წავიდა“

„პანკისის ხეობიდან „ისლამური სახელმწიფოს“ არმიაში სამსახურისთვის ადამიანების გადინება სახეზეა. ჯამში, საქართველოს ტერიტორიიდან, აჭარისა და პანკისის რეგიონებიდან ამ მიზნით 42 ადამიანი გავიდა“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა უნდა განხორციელდეს იმ კუთხით, რომ მუსულმანურ საზოგადოებაში პანკისის რეგიონში პროპაგანდის მოძალება გარკვეულწილად პრევენტირებული იყოს. დეპუტატი ჩრდილო კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს ე.წ. ფილიალის გახსნის საკითხსაც შეეხო, მისი თქმით, ამ მიმართულებით მათი აქტივობა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.
„საქართველოდან შესაძლოა, კიდევ მეტიც იყოს გასული და შესაბამისი ორგანოები უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობდნენ. მუსულმანურ საზოგადოებაში პანკისის რეგიონში პროპაგანდის მოძალება გარკვეულწილად პრევენტირებული უნდა იყოს. საქართველოში ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე არც ერთი დაპირისპირება არ ყოფილა, ხელისუფლებაც და მოსახლეობაც მუდმივად უნდა ზრუნავდეს, რომ ამ რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ ეს შესანიშნავი ტრადიცია დამოკიდებულებისა საქართველოში კვლავაც ხაზგასმით თბილი, აკურატული იყოს და სწორედ იმ პრინციპებზე აგებული, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი მოგვიწოდებს.
საკმაოდ დაძაბულია მდგომარეობა. ჩრდილო კავკასიაში ე. წ. ფილიალის შექმნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. საჯარისო ფორმირების პარალელურად, „ისლამური სახელმწიფოს“ საკმაოდ დახვეწილი ინფრასტრუქტურა ყალიბდება, ფინანსურად და ტექნიკურად აღჭურვილი და, ვფიქრობ, ჩრდილო კავკასიაში მისი აქტივობები ყურადღებამისაქცევი იქნება. მე ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს თემა საგანგებო მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ის საკმაოდ უსამართლო პოლიტიკას აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები