სტიქიით დაზარალებული სამი ოჯახი ურეკში დაისვენებს
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ურეკის სანაპიროზე დაისვენებს. საქველმოქმედო აქცია სანატორიუმ „კოლხიდას“ ინიციატივითა და ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით დაიგეგმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გელაშვილებისა და არჩუაშვილების ოჯახები თბილისიდან საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, გაიოზ ვასაძემ და სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა გააცილეს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ ყველა შეთავაზება, რომელსაც კერძო სექტორი გვთავაზობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. ამ შემთხვევაშიც, სანატორიუმი „კოლხიდა“ მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს ჩიქოვანის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
ერთი კვირის განმავლობაში ამ ოჯახებს მოემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები: (თერაპევტი, კარდეოლოგი, ნერვოპათოლოგები, ინფექციონისტი, ფიზიოთერაპევტი და ა.შ.) და ჩაუტარდებათ სანატორიუმის პროფილით გათვალისწინებული პროცედურები – ლაბორატორიული კვლევები, ექოსკანირება, სამკურნალო მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, მაგნიტური ქვიშის პროცედურები, სამკურნალო აბაზანები, ფიზიოთერაპიული მომსახურება.
ურეკში ამავე შეთავაზების ფარგლებში კიდევ ერთი, ყურაშვილების ოჯახი რამდენიმე დღეში გაემგზავრება და იმავე მომსახურებას მიიღებს. ყურაშვილები, არჩუაშვილები და გელაშვილები ჩიქოვანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. სტიქიამ მათი საცხოვრებელი სახლები სრულიად გაანადგურა.