ეთერ კაკულიას ხვალ დაკრძალავენ
ეთერ კაკულიას დღეს საკუთარი სახლიდან ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, 14 საათზე კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პანაშვიდს გადაიხდის. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეთერ კაკულიას შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა. ქართველი ხელოვანები, მომღერლები, კომპოზიტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლის შემოქმედებას გაიხენებენ და ასე გააცილებენ მას უკანასკნელ გზაზე. მომღერალს ხვალ დაკრძალავენ.
მომღერლის გამოსვენება 30 ივნისს, 15:00 საათზე , ქაშუეთის ეკლესიიდან მოხდება. ეთერ კაკულიას დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ, თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ. ეთერ კაკულიას მიღებული აქვს სახალხო არტისტის წოდება, მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქეობა და არის პრეზიდენტის ორდენოსანი. მას ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ორასამდე სიმღერა აქვს შესრულებული, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებად იქცა. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა.