დღეს კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხე გაიხსნა
კატალონიის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ ეუხენია სერრას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების უფროსი, გიორგი საბანაძე შეხვდნენ. დღემდე კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნები რუსული კატალოგის ნაწილი იყო. ამიერიდან კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კატალოგი შეიქმნება.
შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი თანამშრომლობის მრავალი ასპექტი. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საბიბლიოთეკო სფეროთი, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებებსაც მოიცავს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კატალონიაში არსებული საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების ელექტრონული ასლები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა. იგეგმება ერთობლივი გამოფენები საქართველოსა და კატალონიაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნების ტრანსპორტირებაში დაეხმარა კომპანია Turkish Airlines.