გიორგი ერმაკოვი: ჯიხურები ძველ ადგილებს დაუბრუნდა, სექტემბრიდან ჯიხურების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება

„ზაფხულის სეზონის დამთავრებამდე ჯიხურები ძველ ადგილებს დაუბრუნდა, ხოლო სექტემბრიდან ჯიხურების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება”, – ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ერმაკოვმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა გოგებაშვილის ქუჩაზე ე.წ. ბუდკების გადატანის საკითხს და განმარტებები გააკეთა.
მერის თქმით, გოგებაშვილის ქუჩაზე განლაგებული ჯიხურები გადაადგილებას ზღუდავდა. როგორც გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯიხურების ძველ ადგილებზე დაბრუნების შესახებ საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ მიიღო.
მერის თქმით, ჯიხურები ძველ ადგილებზე ტურისტული სეზონის დასრულებამდე დარჩება, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ სად განთავსდება და როგორი დიზაინის ჯიხურები იქნება სამომავლოდ.
“ჯიხურების გადატანა მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ წლების განმავლობაში გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები იყო სრულიად უკანონოდ ჩადგმული და ზღუდავდა გადაადგილებას. გარემოვაჭრეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, თუმცა ამან შედეგი არ მოგვცა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გზის სავალი ნაწილი გაგვენთავისუფლებინა ამ ჯიხურებისგან. ამას მოჰყვა მოვაჭრეების უკმაყოფილება, რადგან მათ ჰქონდათ შეძენილი სხვადასხვა სახის ნივთი, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ჯიხურების სხვა ადგილზე გადატანის შესახებ. ჯიხურების ერთად თავმოყრის შემდეგ, არც მე არ მომეწონა ამ ჯიხურების იერსახე და წინააღმდეგი ვიყავი იმ სახით ყოფილიყო, რა სახითაც ვნახეთ. ასევე, გავიგე ბათუმელების აზრი იმის თაობაზე, რომ ის ჯიხურები იმ ადგილს ვერ დაამშვენებდა. სეზონის დამთავრებამდე ჯიხურები ძველ ადგილებს დაუბრუნდა, ხოლო სექტემბრიდან ჯიხურების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება”, – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
სუვენირებით მოვაჭრეების ჯიხურები ძველ ადგილას, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე დააბრუნეს.
გარემოვაჭრეთა ნაწილმა დღეს მუშაობა განაახლა, ისინი მონტაჟიისა და დემონტაჟის დროს მიყენებულ ზარალსაც ითვლიან. სუვენირების ჯიხურების დემონტაჟი „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წუხელ დაიწყო, რასაც ჯიხურების მფლობელების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები