საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გამოაგზავნეს

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ათენიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გამოაგზავნეს.

ტვირთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალში შევიდა, სადაც მას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, დიასპორის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძე, კომპანია „ჩიკორია ექსპრესის“ ხელმძღვანელი და „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლები დახვდნენ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

„მერიას აქვს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების სია. ჩვენ, ბუნებრივია, მივეხმარებით დიასპორის წარმომადგენლებს ამ ადამიანების კოორდინატებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. ბუნებრივია, ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის დახმარება. მინდა, ყველა ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია ქვეყნის გარეთ მსგავსი ტიპის დახმარების უზრუნველყოფაში, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ნივთები ათენში მცხოვრებმა 500-მდე ოჯახმა შეაგროვა. დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბრეგაძის განცხადებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები მსგავსი ჰუმანიტარული აქციების მოწყობას გააგრძელებენ.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყველა ქვეყნიდან, სადაც არის ქართული დიასპორა, იქნება სერიოზული დახმარება 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულების დასახმარებლად. ეს არის პირველი მერცხალი – თურქეთის და საბერძნეთის ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო დანარჩენი კვირის განმავლობაში შემოვა საქართველოში და დარწმუნებული ვარ, დაეხმარება დაზარალებულებს“, – განაცხადა ალექსანდრე ბრეგაძემ.

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება კომპანია „ჩიკორია ექსპრესმა“, ხოლო ტვირთის საქართველოში უსასყიდლოდ შემოტანა „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო.

„ჩვენმა კომპანიამ – „ჩიკორია ექსპრესმა“ და „საქართველოს ფოსტამ“ გამოვთქვით სურვილი, რომ ეს ტვირთი წამოგვეღო ყოველგვარი გადასახადის გარეშე და ამით ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ კეთილ საქმეში. მთავარია, რომ ეს ტვირთი თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახს მოაკლო და საქართველოში დაზარალებულების დასახმარებლად გამოაგზავნა“, – განაცხადა კომპანია „ჩიკორია ექსპრესის“ ხელმძღვანელმა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება დღესვე ქალაქ სალონიკიდან ჩამოვა, მოგვიანებით კი ნივთებს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდანაც გამოაგზავნიან. სტიქიისგან დაზარალებული თანამემამულეების დასახმარებლად, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები უკვე გამოაგზავნეს თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები