“მზიურში” საპატრულო პოლიციის მანქანა იპოვეს

დედაქალაქში, სტიქიის შემდგომ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების დროს „მზიურის“ ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანა იპოვეს, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა, სტიქიის შედეგად დაღუპულ სამ მოქალაქეზე, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთანაც მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც გომელაურმა განმარტა, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს.

„მაქსიმალურად ჩართულები არიან სამაშველო სამსახურები და სხვადასხვა დანაყოფები, ასევე, მძიმე ტექნიკა. დღეს აღმოაჩინეს ჩვენი საპატრულოს მანქანაც, რომელიც დაკარგული იყო და ვიპოვეთ. რაც შეეხება სამ დაკარგულ ადამიანს, გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება, რომ შეიძლება მტკვარს ჰქონდეს წაღებული და იყოს ე.წ. მინგეჩაურის წყალსაცავში. იქ მაშველები ჩართულები არიან და ეძებენ, თუ რამეს აღმოაჩენენ, აუცილებლად გვაცნობებენ“, – განაცახდა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს, თბილისში სტიქიის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დატბორილი ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი იმსხვერპლა.

სტიქიური უბედურება თბილისში უამინდობის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა და მდინარე ვერეს ადიდებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები