ვახტანგ გომელაურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა: შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსული ყველა ზარი რეაგირებისთვის ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს. შესაბამისად, „112“-ში დარღვევების შესახებ შემოსული შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა რეაგირებისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“. აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ.). უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ გარემოს, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკანონო ხე-ტყის მოჭრა, ჭრა, ასევე ნადირობა, თევზაობა, უკანონობა, ეს ძალიან დიდ ზარალს აყენებს და ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, იგივე მდინარეებს, ასევე ფლორას და ფაუნას. ახლა იქნება, როგორც კი სიგნალი შემოვა 112-ში, გადავა გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელი ჯგუფიც ახლოს იქნება, აუცილებლად რეაგირებას მოახდენს, ეს იქნება პოლიციური დანაყოფი თუ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება კონტროლზე და იქნება აღკვეთილი ყველა უკანონო, იგივე ეს იქნება წიაღისეულის მოპოვება თუ მნიშვნელობა არ აქვს, ყველანაირი, ბუნებრივ ზიანს ვინც აყენებს, უკანონოდ, რა თქმა უნდა, ლიცენზიის გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები