გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის ფიგურის დადგმას ითხოვენ

თბილისში, გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის ფიგურის დადგმას ითხოვენ. პეტიციაზე, რომელიც დედაქალაქში ჰიპოპოტამის ფიგურის დადგმას ითვალისწინებს, ხელმოწერები გროვდება. ამ ეტაპზე პეტიციას უკვე 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ხელმომწერები საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტისა და თბილისის მერიისგან მოითხოვენ, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ფიგურა განთავსდეს.
„თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის საოცრად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა სრულიად სიურეალისტური სურათი – გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის გამოჩენა. ჩვენი ჰიპო – დინჯი, მშვიდი, უჩვეულო, კეთილად აოცებდა და ღიმილს ჰგვრიდა სტიქიისგან დაზაფრულ ადამიანებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვენგანისთვის ჩვენი ჰიპო ამ დღეს სიკეთის, გადარჩენისა და მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა“, – აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჰიპოპოტამის გმირთა მოედანზე „მოგზაურობის“ კადრები უცხოური მედიის მრავალმა წარმომადგენელმაც გაავრცელა.
„გაჩნდა იდეა – გმირთა მოედნის მიდამოებში ჰიპოპოტამის ფიგურა დაიდგას, რომელიც თავის თავში ამ დღის უამრავ, განსხვავებულ ემოციას გააერთიანებს და, ამავე დროს, დაღუპული ცხოველების გადარჩენილ თანამოძმეს განასახიერებს. თბილისის ჰიპოს ფიგურა სიკეთის, იმედის, გადარჩენის, სიცოცხლის, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების სიმბოლო იქნება“, – ნათქვამია პეტიციაში.
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარ სტიქიას, ამ დროის მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიას თბილისის ზოოპარკის ბინადარი ცხოველების 50%-ზე მეტი ემსხვერპლა, ნაწილი კი აღნიშნული ტერიტორიიდან გაიქცა.
ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევისას, ბეჰემოთი ბეგლარი გმირთა მოედანზე აღმოჩნდა, საიდანაც ის კვლავ ზოოპარკში დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები