ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის მიზნით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციოშეხვედრას უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთის მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგების განხილვა გაიმართა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მოქმედ დონორთა კოორდინაციის ხელშეწყობა, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე შესაბამისი საკითხებისა და სტრატეგიების განხილვა. აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხდება მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, ხოლო, მეორე მხრივ – თურქეთსა და ევროპას შორის. საქართველოს მთავრობისთვის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და მისი საერთაშორისო საავტომობილო გზების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და სურს, რომ პროექტი 2020 წელს დაასრულოს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები