საგარეო უწყება: არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, 14 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა.
“2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე იყო გადასული. საგარეო უწყებამ მყისიერად ჩაატარა, მისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოები. პირველ რიგში, ეს გამოიხატა სტიქიის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში და საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გარშემო ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების თანადგომის კონსოლიდაციაში. მოხდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის სპეციალური ცირკულარით ინფორმაციის გაგზავნა ადგილსამყოფელი ქვეყნების ინფორმირების და მათგან შესაძლო დახმარების მობილიზების კუთხით.
სტიქიის პერიოდში, ისევე როგორც ამ დღეებში საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულება თბილისში მომხდარი სტიქია და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციების გატარებაა, რის შედეგადაც უკვე მოხერხდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. ამასთან საელჩოები მჭიდროდ თანამშრომლობენ უცხოეთის ქვეყნებში ქართულ დიასპორასთან, უკვე ჩატარდა და იგეგმება სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები. რაც შეეხება კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩისა და საელჩოს დღის წესრიგს სტიქიის დღეებში, გაცნობებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ 2015 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბ-ნ არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს. კერძოდ, სტიქიის პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმირების მიზნით; ეროვნული გლოვის დღეს – 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს. 14 ივნისს ელჩმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. ხოლო 15 და 16 ივნისს მან შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესში, ასევე, 16 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა USAID-ში სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის ინფორმირებისა და მათი მხრიდან შესაძლო დახმარების მობილიზების მიზნით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად საქართველოში მივლინებული იქნა USAID სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი კონსულტაციები გამართა ქართულ მხარესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განაგრძობს საქმიანობას თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო პროცესში ამერიკელი პარტნიორების დახმარების მობილიზების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები