დავით ნარმანია: სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზის მიმართულებით მოძრაობა უნდა აღდგეს

თბილისის მერიაში სტიქიის ზონაში ჩასატარებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაქსიმალური ტემპით უნდა განხორციელდეს სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზის მიმართულებით მოძრაობა აღდგეს.
ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნშნა, რომ მერიის მიერ გამოყოფილი 18 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის რეაბილიტაციას. მისი თქმით, პირველ პრიორიტეტად განისაზღვრა წყნეთი-კოჯრის გზის მოწესრიგება, ვინაიდან გზა ძლიერ არის დაზიანებული.
„დედაქალაქი ზაფხულში იცლება და ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილდება“, – განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა წყნეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.
„წყნეთის ქუჩის 13 ნომრის მიმდებარედ, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ექმნებოდა საფრთხე, ჩვენ დავიწყეთ საყრდენი კედლის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები. აქ მუშაობდნენ როგორც დღის განმავლობაში, ასევე მუშაობენ ღამის საათებშიც. უკვე 20-ზე მეტი ხიმინჯი მომზადდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ დღეს ასევე იგეგმება სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა,სადაც სპეციალისტებმა უნდა წარმოადგინონ სამუშაო გეგმა, თუ როგორ მოხდება ვერეს ხეობის უსაფრთხოების შენარჩუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები