თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიერ, დღეს საჯაროდ გავრცელებული მცდარი ხასიათის განცხადებების გამო, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია პრაქტიკა სადავო საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში (ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ ნახსენებია სამი ასეთი საქმე) არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომელებიც ბათილად სცნო სასამართლომ. ამდენად, გაუგებარია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველი და მიზანი. თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. თავის მხრივ კი, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ სამართალწარმოება სამოქალაქო წესით”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები