პურის ფასის გაძვირება მოსალოდნელი არ არის
ლარის კურსის ცვლილების ფონზე საქართველოში პურის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა. როგორც სილაგავა აღნიშნავს, უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის დაცემის გამო საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასმა ტონაზე 10 დოლარით მოიმატა. დამატებით 10 დოლარით გააძვირეს მომწოდებლებმაც და, შესაბამისად, ახალი წლიდან დღემდე საქართველოში იმპორტირებული ხორბალი ტონაზე 20 დოლარითაა გაძვირებული. ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, თუკი ლარის კურსის რყევა კვლავ გაგრძელდება, ფქვილის ფასმა შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3 ლარით მოიმატოს, რაც დაახლოებით 1 თვეშია მოსალოდნელი. ამ ეტაპზე, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 35 ლარია.