გიორგი ოქროპირიძის საქმეზე დღეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მორიგი სხდომა გაიმართება

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე დღეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მორიგი სხდომა გაიმართება,რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
წინა სხდომაზე შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ 100 ადამიანს უკვე გაეგზავნა სპეციალური კითხვარი. 12 ძირითადი მსაჯულიდან 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს. საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, რომელსაც ახალი ბრალი ცრუ დასმენისთვის წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს, ადვოკატის თქმით, შიმშილობას განაგრძობს.
ნაფიცების ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ, მახარაძის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყება. აღნიშნულ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს.
გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტის მისაღებად ნაფიც მსაჯულთა 12-კაციანი შემადგენლობიდან 8 ხმა იყო საჭირო. ამის შემდეგ, მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა და ნაფიცების ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა ჩანიშნა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მასაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო ვერდიქტის გამოტანა, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.
გიორგი ოქროპირიძეს აღნიშნულ საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება, თუმცა, მას პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა. მოსამართლემ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა დააკმაყოფილა და ოქროპირიძეს პატიმრობა შეუფარდა.
27 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, იმავე წლის სექტემბერში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები