სტიქიით დაზარალებული მოზარდები პატრიარქს შეხვდნენ

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – თამარ ტალიაშვილისა და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები საქართველოს საპატრიარქოს ტყე-პარკს ესტუმრნენ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თამარ ტალიაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე – ირაკლი ლექვინიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდნენ.

ბავშვების მხარდაჭერის მიზნით, საპატრიარქოს ტყე-პარკში გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მიიღეს მონაწილეობა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ფსიქოლოგთან კონსულტაციები გაიმართა და ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
„ჩვენ ამ ღონისძიებით გადავწყვიტეთ იმედის და რწმენის დღე გვეჩუქებინა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია გადაიტანეს. ბავშვების ფსიქოლოგიური, ემოციური და მორალური განვითარების მიზნით, სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ პატარებისთვის იმედის, რწმენისა და სიყვარულის გარემო შეგვექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველას ძალიან ლამაზად დაამახსოვრდება და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მათი ცხოვრების გზა მხოლოდ სიხარულით და წარმატებებით აღსავსე იქნება“, – განაცხადა ღონისძიებაზე თამარ ტალიაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ – დაზარალებული ოჯახებისთვის – ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინა, დალოცა ბავშვები და ჯვრებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქართულ-ამერიკული კლინიკა “Medical House“, “M-group”, “გუდვილი”, “ბორჯომი”, “ბარამბო”, “ბიბლუსი”, ქართული ანიმაციური ჯგუფი, “ჰელოუ ქითი” და “ჰარიბო საჩუქრები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები