დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიის ადგილები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ადგილები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ახალდაბაში უკვე აღდგენილია საავტომობილო გზა, დასრულებულია ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები და მოსახლეობა მას ხვალიდან მიიღებს, 2-3 დღეში აღდგება წყლის მიწოდებაც, ხოლო დაზიანებული ელექტროკაბელების გამო ელექტროენერგია ადგილობრივებს გენერატორების მეშვეობით უწყვეტად მიეწოდება.

თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, რათა დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება გაეწიოს.

“ახალდაბაში სტიქიამ ერთი სახლი დაანგრია. გვინდა, ეს ოჯახი ჩვენი განსახლების გეგმაში მოვახვედროთ, რათა მათ ზიანი აუნაზღაურდეთ. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. იმ სახლებს, რომელთაც დაზიანებები აქვთ მიღებული, გავამაგრებთ. უკვე დავიწყეთ დოკუმენტაციის შეგროვება, რომ დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად ახალდაბაში ვაკის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდა. ლაშა აბაშიძის თქმით, მოსახლეობა სასმელი წყლითა და საკვებით მარაგდება.
“სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ოპერატიულად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე გზა ჩახერგილი იყო, მოსახლეობას საკვები პროდუქტებით ვერტმფრენებითა და შემოვლითი გზით ვამარაგებდით. ახლა გზა გახსნილია, თუმცა, მათ მომარაგებას მაინც ვაგრძელებთ. სულ მალე მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღუდგება”, – განაცხადა ვაკის გამგებელმა.
ახალდაბაში მუშაობას აგრძელებს ტექნიკაც. 13 ივნისის სტიქიის შედეგად სოფელში გზა ჩაიკეტა, ერთი სახლი სრულად დაინგრა, ხოლო რამდენიმე – დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები