ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვაპირებ “პოტენციურ დამნაშავეებზე” საუბარს

 

მე არ ვაპირებ “პოტენციურ დამნაშავეებზე” საუბარს, არ მინდა გადაბრალება დავიწყო, ყველა შედეგი იქნება შეჯამებული და შეფასებული, მაქსიმალურად ობიექტურად, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, გამოიკვეთნენ თუ არა პირები, რომლებსაც 13 ივნისის ღამეს მომხდარ სტიქიურ უბედურებაში მიუძღვით ბრალი.

როგორც ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას აღნიშნა, ყველა შედეგი, რომელიც სტიქიის შედეგად დადგა, პროკურატურის, ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ შეჯამდება და შეფასდება მაქსიმალურად ობიექტურად.

“სანამ არ დასრულდება კრიზისი, ჩავთვალოთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შედეგები ჯერ არ დაგვითვლია, სამუშაოები ჯერ კიდევ ხორციელდება და ჯერ ისევ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ.

მე არ ვაპირებ “პოტენციურ დამნაშავეებზე” საუბარს. მე ჩემი სათქმელი ვთქვი და არ ჩავუღრმავდი დეტალებს. ამაზე საუბრობენ სპეციალისტები, ამაზე საუბრობენ ექსპერტები. თუმცა, საუბრობდნენ მანამდეც, მაგრამ წინა ხელისუფლებამაც და, მათ შორის, მათ, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს და გვეუბნებიან, რომ თურმე, დროულად არ მოხდა ევაკუაცია ან რეაგირება, მათ გასაგონად ვამბობ, რომ ამ ადამიანებმა თავის დროზე, მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო ექსპერტებისა და სპეციალისტების აზრის გათვალისწინება, არ გაითვალისწინეს ბევრი რამ. დღეს მე მქონდა სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა, სადაც მე სპეციალისტები მოვიწვიე, მათ შორის ისინი, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართულები. ობიექტურობა მოითხოვს, აქვე აღვნიშნო, რომ დამპროექტებელი და უშუალოდ გზის მშენებელი, რა თქმა უნდა, მათ რაც დაავალეს, ის გააკეთეს. ეს მოხდა ძალიან ფორსმაჟორულ რეჟიმში. მე არ მინდა გადაბრალება დავიწყო, მინდა გამოძიებამ ობიექტურად დაასრულოს, რომ ეს ყველა შედეგი შეჯამდეს და შეფასდეს, მაქსიმალურად ობიექტურად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების ხელაღებით დადანაშაულება, იმ გზის არსებობაში, რომელიც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი იყო, მით უფრო, წინმსწრებად, არ შეიძლება.

“არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რაზეც საუბარი შეგნებულად არ მსურს, ექსპერტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და, როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურა არის ჩართული ამ საქმეში. ვინაიდან, 19 ადამიანი დაიღუპა, რა თქმა უნდა, ვალდებული იყო. პროკურატურამ უნდა დაადგინოს ობიექტური სიმართლე, თუ რა მოხდა და რის გამო მოხდა ეს მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, იმის ხელაღებით თქმა, რომ არ ყოფილიყო ეს გზა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ან ადამიანები არ დაიღუპებოდნენ, ალბათ, ამის თქმაც არ იქნება მთლად სამართლიანი. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ისინი გვაკრიტიკებენ ჩვენ, შეიძლება, რომ ასეთი მსხვერპლი არ ყოფილიყო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე ეთერში პრემიერმა იმ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც განხორციელებული პროექტის – ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზისა და ესტაკადების, ალტერნატივა იყო.

როგორც მან აღნიშნა, ალტერნატიული პროექტი არ დამტკიცდა, მიუხედავად მისი გაცილებით მეტი უსაფრთხოებისა.

“ობიექტურობისთვისა და სამართლიანობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ იყო სხვა პროექტი, მე დღეს მოვისმინე ამის თაობაზე, რომ არსებობდა უფრო მეტად უსაფრთხო პროექტი, რომელიც გასაგებია, რომ უფრო ძვირი ჯდებოდა, 140 მილიონი ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება. რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ იმის ძალიან მკაცრი და მყარი დასაბუთება არსებობდა, რომ ალტერნატიული პროექტი უფრო მეტად უსაფრთხო იყო იმ რეგიონისთვის, იმ ხეობისთვის, არ განხორციელდა. ასევე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ის აუცილებელი და გარდაუვალი დასკვნა, რასაც ჰქვია გარემოს ზემოქმედების შეფასება, თავის დროზე არ გაკეთებულა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები