ირაკლი ფავლენიშვილმა საკრებულოში დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ამერიკული ორგანიზაცია „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ფონდი საქართველოში“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საკრებულოს ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პამელა და ედმონდ დოშებმა დეპუტატს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ინდივიდუალური საჭიროებების ნივთებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფს. ირაკლი ფავლენიშვილმა სტუმრებს დედაქალაქში დღეის მდგომარეობით არსებული ვითარება გააცნო და გულისხმიერებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ყველაზე მეტად თბილისელებს თანადგომა დღეს სჭირდებათ და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად მსგავსი დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად არიან ჩართულნი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო მოსახლეობას ვპირდები, რომ სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის შემსუბუქებისთვის და ზარალის ანაზღაურებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ’’,-განაცხადა დეპუტატმა.

ამერიკული ორგანიზაცია „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ფონდი საქართველოში“ საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შუამდგომლობით დაუკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები