ოლიმპიური კომიტეტი: ოლიმპიური სოფლის ტერიტორია არ დაზიანებულა

ოლიმპიური ფესტივალის სამზადისი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და სტიქიის შედეგად არც ერთი სპორტული ობიექტი თუ ოლიმპიური სოფლის ტერიტორია არ დაზიანებულა, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა კომიტეტის წევრებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგების გასაცნობად და ოლიმპიური ფესტივალის ტერიტორიაზე მონიტორინგის ჩასატარებლად არაგეგმური ვიზიტით კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბა და კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის დავალებით იმყოფებიან და ობიექტების დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
”ჩვენს ახლაშენებულ ნაგებობებს სტიქიის დროს პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენმა სტუმრებმა მოინახულეს ყველა ობიექტი და შეხვდნენ პრემიერს, რომელმაც სრულ მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს დასახმარებლად”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრები თბილისში გუშინ, საგანგებოდ ბაქოდან ჩამოფრინდნენ. ისინი ბაქოში პირველ ევროპურ თამაშებს ესწრებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ბაქოში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ თბილისი სრულად იყო წყლის ქვეშ.
”ბაქოში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ვიცოდით, რომ თბილისი სრულად წყლის ქვეშ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქალაქში ჩამოვსულიყავით და ყველაფერი ადგილზე დაგვეთვალიერებინა. მოხარული ვართ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დღეს, როგორც ოლიმპიადის ჩატარებას, ისე ქალაქს საფრთხე აღარ ემუქრება,”- განაცხადა ჯოზეფ ლიბამ.
ალექსი ახვლედიანის თქმით, მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოინახულონ ოლიმპიადის გასამართად შერჩეული ტერიტორიები და ახლად აშენეული ობიექტები.
საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს ჩამოვიდა. 14 ივლისს მას უკვე თბილისში შემოიტანენ. ცეცხლი სხვადასხვა რაიონის მოვლის შემდეგ კუს ტბის ტერიტორიაზე აინთება. შეგახსენებთ, რიგით მე–13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალსი მონაწილეობას 49 ქვეყანიდან, 3800 ახალგაზრდა სპორტსმენი მიიღებს. მათი ასაკი 14-დან 18 წლამდე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები