ჩიქოვანის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჩიქოვანის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

ჩიქოვანის N30-34-36-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მუშაობენ. ვითარება N34-ში განსაკუთრებით მძიმეა, რადგან აქ შენობის პირველი სართულის ბეტონის იატაკი წყლის ტალღამ ჩაანგრია და საძირკველში წყალი და ქვა-ღორღი ჩაიტანა.

სამხედროებმა შენობის საძირკვლიდან და პირველი სართულიდან დაზიანებული ნივთები გამოიტანეს და ტერიტორია შლამისაგან გაასუფთავეს. ბექა მიქაუტაძემ შენობის პირველი სართული ასმეთაურთან ერთად დაათვალიერა და ჯარისკაცებს გაესაუბრა. მისი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში, სპეციალისტების გათვლებით, უკვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. „საბურთალოს რაიონში ინტენსიური სამშაოები მიმდინარეობს სამ მისამართზე – ეს არის ჩიქოვანის ქუჩა, კოსტავას 63 და სოფელი დიღომი.

ჩვენი მოხალისეები მუშაობენ სოფელ დიღომში, საჯარისო ნაწილები გვეხმარებიან ჩიქოვანის ქუჩაზე და კოსტავას N63-ში. კონტრაქტორმა ფირმამ უკვე ზედმეტი შლამი გაიტანა, ახლა მიმდინარეობს სარდაფების გათავისუფლება დამტვრეული ინვენტარისგან. წყალი ამოტუმბულია ორ მისამართზე, ჩიქოვანის 30-ში წყლის ამოტუმბვა დღეს დაიწყება, დიდი შლამია და სანამ ტექნიკა არ გაწმენდდა ტერიტორიას, ვერ მივუდგებოდით. ჩვენ უახლოეს მომავალში შევუდგებით უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები