გიორგი მარგველაშვილმა ბრატისლავაში ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გახსნა, რომელიც სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტო SARIO-ს ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების განვითარება, ასევე ქართული და სლოვაკური კომპანიებისათვის ახალი, ორმხრივი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება.

ფორუმის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს ვაზილ ჰუდაკს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას და იმ პერსპექტივას, რომელსაც აღნიშნული ფორუმი ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობის ხელშეწყობისათვის ქმნის.

ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაზილ ჰუდაკმა სიტყვით მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიზნესი, ურთიერთსასარგებლო ორმხირვი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის განვითარება.

საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილელების გზა განვლო. გავაუმჯობესეთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან სარეიტინგო პოზიციებზეა. საქართველომ შეძლო კორუფციის პრობლემის გადალახვა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

გარდა ამისა, ჩვენ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ეკონომიკური გარემოსა და საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოს განვითარებისათვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნეს-თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა.

ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და, როდესაც განიხილავთ საქართველოსა ბიზნესგარემოსა და მის სამეზობლოს, ნათელია, რომ ყველა ვინც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, ინვესტიციას დებს არა მხოლოდ პატარა, 4 მილიონიან ქვეყნაში, არამედ ასევე საქართველოს გარშემო თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ბაზრებზე. სწორედ ეს არის კიდევ ერთი შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო, როგორც ეკონომიკური ინვესტიციების ქვეყანა საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს“, – განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო და საკომუნიკაციო მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტიურად ასრულებს, როგორც აზიისა და ევროპის შემაკავშირებელი ცენტრი.

,,ვფიქრობ, სლოვაკეთი კარგი პარტნიორი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და გვაქვს კავშირი ევროპულ ბაზართან. სლოვაკეთმა შეძლო განეცადა სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკურ რეჟიმამდე ტრანსფორმაცია. ვიცი, რომ საქართველომაც უდიდეს წარმატებას მიაღწია საბაზრო ეკონიმიკის დემოკრატიზაციის განვითარების საკითხში, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ წარმატებული ეკონომიკური თანამშომლობის კარგი შესაძლებლობა, პროდუქციის ექსპორტისა, თუ მესამე ბაზარზე ერთობლივად გასვლის საკითხებში. ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დიდ ბიძგს მიცემს და დააჩქარებს ამ პროცესებს“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი ციკოლიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ბიზნესასოციაციის გენერალურ დირექტორ ბრონისლავ შაფარიკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

ქართულ-სლოვაკურ ბიზნესფორუმს ორი ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს ბიზნესდელეგაცია წარმოდგენილია ოცდაათამდე კომპანიით, მათ შორის არიან: სოფლის მეურნეობის, კვების, სამშენებლო, და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ფორუმის დასრულების შემდეგ სლოვაკურ მხარესთან ბიზნესშეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციიდან ფორუმს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახაბერ ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები