ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილი მარნეულში გადაასვენეს
ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ საწერეთლოში გადაასვენეს – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილის ძმამ თამაზ ცუხიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, 43 წლის ოთარ ცუხიშვილს მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაეცემა, სარიტუალო მომსახურების ხარჯებს კი თბილისის მერია გაიღებს.
შეგახსენებთ, ოთარ ცუხიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწერეთლოდან იყო. ის დის ოჯახთან ერთად თბილისში, ორხევის დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში სამუშაოდ იმყოფება, მათ შვილები არ ჰყავდათ.