„სვანიძის ქუჩაზე სამი სახლი მთლიანად დასანგრევია და ახალი სახლებია ასაშენებელი“

„რისი გამაგრებაც და გადარჩენაც შეიძლება, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. სპეციალისტები ამოწმებენ ამ შენობებს. შემიძლია გითხრათ, რომ სვანიძის ქუჩაზე სამი სახლი მთლიანად დასანგრევია და ახალი სახლებია ასაშენებელი“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხებათ დაზარალებულებს, სახელმწიფომ მათ დასახმარებლად თანხები გამოყო. ბაბუნაშვილის განცხადებით, მარტო ვაკის რაიონიდან 125 ოჯახი, ჯამში 400 ადამიანია გაყვანილი. მოქალაქეები სასტუმროებში გადაანაწილეს.

„ დაზარალებული მოსახლეობა მომარაგებულია საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით… გამგეობები, განსაკუთრებით კი ვაკისა და საბურთალოს გამგეობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და თუ რამე პრობლემა ექნებათ, შეუძლიათ გამგეობებს მიმართონ და ყველა სახის დახმარებას მიიღებენ“,- აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.

რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები როგორც სვანიძის ქუჩაზე, ასევე წყნეთი – ბეთანიის გზაზე გრძელდებოდა. მისი თქმით, თვითონ ეპიცენტრი, ბეთანია, ფაქტობრივად 4 ჩამოზვავებული ქვიშა-შლაკისგან გაიწმინდა.

გოჩა ბაბუნაშვილი დაკარგული ცხოველების საკითხსაც შეეხო, მისი განცხადებით, მთელი ღამის განმავლოვბაში 112 -ზე უამრავი ზარი შევიდა და 24-საათიან რეჟიმში იძებნება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი.

„ დღისით მათი თავდასხმის საშიშროება არ არსებობს, ღამით კი ეს საშიშროება იზრდება. ზოოპარკში სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ხდება აღწერა. რამდენიმე დღეში, როგორც კი ზოოპარკის ტერიტორია გასუფთავდება, აღწერა დასრულდება და ზუსტი მონაცემები გვექნება, რამდენი ცხოველი გადარჩა და რამდენია დაღუპული“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები