„ახალი გზა ისე აშენდა, რომ გზის პროექტი საერთოდ არ არსებობს“

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ვაკე – საბურთალოს ახალი გზის ნაკლოვანებებზე საუბრობს. როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ახალი გზა ისე აშენდა, რომ მისი პროექტი რეალურად არც კი არსებობს, მასთან ერთად არ არსებობს არც გეოლოგიური და არც ბუნებაზე ზედამხედველობის დასკვნა.

„ ვერეს ხეობამ ვერ გაატარა ჩამოწოლილი მასა. იქ არსებული წყალგამტარი გვირაბები და მილები ძალიან მცირე გამავლობისაა. ეს კი ძალიან დიდი მასა იყო. ურბანულად არასწორად არის დაგეგმარებული. თვითონ ამ ახალი გზის პროექტიც არ არსებობს. ეს მეხუთე კატეგორიის გზაა და თავის დროზე მას ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა უნდა ჰქონოდა, რომელიც არ არსებობს. ეს გზა ისეა აშენებული, რომ არც გეოლოგიური და არც ბუნებაზე ზედამხედველობის დასკვნა არ გაკეთებულა.

სიჩქარე არ იქნება სწორი. გზა ამ ადგილას აუცილებლად გვჭირდება, ოღონდ ამაზე უნდა იყოს მეცნიერების, არქიტექტორების, ურბანისტების, გეოლოგების დასკვნები იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს გზა. დარწმუნებული ვარ, თანხებსაც მოვიპოვებთ. ამ წუთისთვის ანგარიშზე, რომელიც ხაზინაში გახსნეს, 15 მილიონზე მეტი თანხაა შემოსული. საკმაო თანხებს ველოდებით დონორი ქვეყნებიდან, ევროკავშირმა სამი მილიონი უკვე გამოყო დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ველოდებით დიდ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამის გარდა, გრძელდება შემიწირულობები, ამიტომ თანხების პრობლემა არ გვექნება. მთავარია, არ ვიჩქაროთ და გავაკეთოთ ისეთი პროექტი, რომელიც ასეთ კოლაფსებს აღარ გამოიწვევს. ვერეს ხეობაში მშენებლობები საერთოდ არ შეიძლებოდა“, – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები